სიახლეები

განცხადება სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე!

განცხადება სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე!

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენს

მპგ „შეცვალე საქართველოს“(ს/კ 415030317)

 თავმჯდომარე გიორგი გაგანიძის

ასლი: აშშ-ს საელჩოს საქართველოში; სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს

განცხადება

მოგესალმებით,

ჩემი პირველი განცხადების დღიდან იმის შესახებ, რომ გადავწყვიტე დავაფუძნო პოლიტიკური პარტია, დაიწყო ჩვენი კომპანიის და პარტიის დევნა.

პარტიის რეგისტრაციამდე, თითქმის ყოველდღიურად გვიქმნიდნენ ხელოვნურ ბიუროკრატიულ ბარიერებს. პარტიის ოფიციალურად დარეგისტრირების დღიდან და სოცმედიაში აქტიურად გამოჩენის შემდეგ კი მთავრობამ ჩვენზე ყველა მიმართულებით დაიწყო რეალური ზეწოლა.

მაგალითად, ჩემს მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის - შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (404482608) მიმართ (რომელსაც ბოლო 4 წელია ავიწროვებენ მონოპოლისტი კომპანიისთვის კონკურენციის გაწევის გამო) 2 კვირის წინ ე.წ. გაშავების პროცესი დაიწყეს!

ბოლო წლების მანძილზე, დიდი მცდელობის მიუხედავად, კომპანიაში ჩვენს  წინააღმდეგ ვერანაირ ხელჩასაჭიდს ვერ მიაგნეს და ახლა, ჩვენივე თარჯიმნის გადაბირებით (ყოფილი მონოპოლისტი კომპანია შპს „ინტელექტ მარკეტი“ შეეკრა შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპს“) შეეცადნენ „პრობლემის აღმოჩენას“. კერძოდ, კონკურენტის მიერ გადაბირებულ თარჯიმანს დააწერინეს, თითქოს ერთ-ერთ ტენდერში ატვირთულ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არ იყო. ამის გამო ხდება კომპანიის არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება, რაც ავტომატურად გულისხმობს შავ სიაში მოხვედრას. შედეგად, ასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ვეღარ დაზოგავს წელიწადში მილიონზე მეტ ლარს, ვინაიდან მონოპოლისტი აღდგება თავის ძველ პოზიციაზე!

ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, მივიღეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ სადაო ხელმოწერა აღნიშნული თარჯიმნისაა, თუმცა ჩვენი კომპანიის შავ სიაში  ჩაშვების პროცესი მაინც გრძელდება.

ამის გარდა, მე მიბარებს გორის პროკურატურა (თბილისის კომპანიას იბარებენ გორში), სადაც მიმდინარეობს სრულიად არარეალური სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბოლო 2 წელი „მიძინებული“ იყო და ახლა განაახლეს. საქმე ეხება ჩვენი კომპანიის გაშავებას 2016 წელს, ისევ მონოპოლიის ჩამოშლის გამო და იმის გამო, რომ  მონოპოლისტ კომპანიას (შპს „ინტელექტ მარკეტი“, იგივე ი/მ სალომე ცერცვაძე) ვეღარ მიჰქონდა ე.წ. „ატკატები“ დაინტერესებულ პირებთან.

გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენმა კომპანიამ მოახერხა ბაზარზე ისევ დაბრუნება (რაც სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა მონოპოლისტი კომპანიისთვის).

ჩვენ, დღეისათვის, ფაქტობრივად გვეზღუდება, როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი და სუფთა პოლიტიკური ძალის „შეცვალე საქართველოს“ ფუნქციონირება!

ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას და დახმარებას აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში!

პატივისცემით,

 

მპგ „შეცვალე საქართველოს“ თავმჯდომარე

გიორგი გაგნიძე

დოკუმენტის ნახვა

Modefy World